ნეიმარი დისკვალიფიცირებულია
საფრანგეთის პროფესიული ფეხბურთის ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ლიგა 1-ის მესამე ტურში “პარი სენ-ჟერმენსა” და “მარსელს” შორის გამართული მატჩის (0:1) მიმდინარეობისას მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელა და შესაბამისი სანქცია გამოიტანა.
პარიზელთა მცველი ლეივინ კურზავა ექვსმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს, თავდამსხმელი ნეიმარი და ნახევარმცველი ლეანდრო პარედესი ორ-ორ შეხვედრას გამოტოვებენ, ერთი მატჩით კი პირობით დისკვალიფიკაციას მოიხდიან. “მარსელის” მცველი ჟორდან ამავი სამ შეხვედრას გამოტოვებს, ფორვარდ დარიო ბენედეტოს კი ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია აკმარეს.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრის ბოლო წუთებზე პარედესმა “მარსელის” მოთამაშის წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, შემდეგ კი მის თანაგუნდელს უბიძგა, რასაც ფეხბურთელთა შორის შეხლა-შემოხლა მოყვა. შედეგად, მოედნიდან პარიზელთა სამი (ლეივინ კურზავა, ნეიმარი, პარედესი) და მარსელელთა ორი (დარიო ბენედეტო, ჟორდან ამავი) მოთამაშე გააძევეს. ნეიმარმა ალვარო გონსალესს, სავარაუდოდ, რასისტული შეურაცხყოფის გამო თავში წამოარტყა, რისთვისაც პირდაპირ წითელი ბარათით დაისაჯა.