ნეიმარი “რეალთან” ვერ ითამაშებს
“სქაი სპორტსის” თანახმად, “პარი სენ-ჟერმენის” ლიდერი ნეიმარი უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ გასამართ საპასუხო მატჩში ვერ ითამაშებს. დღეს 26 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც ჩანს, რომ მას ფეხი თაბაშირში აქვს.
ნეიმარმა საფრანგეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში “მარსელის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში (3:0) ტრავმა მიიღო და მოედანი საკაცის დახმარებით დატოვა.
უცხოური მედიის ცნობით, ნეიმარი მოტეხილობასა და სერიოზულ ტრავმას გადაურჩა, თუმცა 6 მარტს, პარიზში გასამართ შეხვედრაში თამაშს ვერ შეძლებს.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “რეალსა” და “პარი სენ-ჟერმენს” შორის გამართული პირველი მატჩი ესპანელთა გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.