ნეიმარის ტრანსფერის ფასი, შესაძლოა, 141,8 მილიონ ევრომდე გაიზარდოს
გამორიცხული არ არის, „ბარსელონას“ ბრაზილიელი თავდამსხმელის ნეიმარის „სანტოსიდან“ ტრანსფერის ფასი 141,8 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.
კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ბრაზილიის ნაკრების ფორვარდის სანაცვლოდ 57,1 მილიონ ევრო გადაიხადა: 17,1 მილიონი ევრო „სანტოსსა“ და იმ ფირმებს გადაერიცხა, რომლებიც მოთამაშის კონტრაქტის მფლობელები იყვნენ. 40 მილიონი კი თავად ფეხბურთელმა და მისი ოჯახის წევრებმა მადრიდის „რეალში“ გადასვლაზე უარის თქმით გამო მიიღეს.
ახლა კი ეს თანხა, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაიზარდოს. „სანტოსი“ დამატებით 7,9 მილიონ ევროს მიიღებს.
გარდა ამისა, „სანტოსი“ და „ბარსელონა“ უახლოეს მომავალში ამხანაგურ მატჩს გამართავენ, რომლის ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა მთლიანად ბრაზილიურ კლუბს გადაეცემა. აღნიშნული შეხვედრის ჩაშლის შემთხვევაში კი, „ბლაუგრანასის“ ხელმძღვანელები კომპენსაციის სახით სამხრეთ ამერიკელებს 4,5 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ყველაფერთან ერთად, „სანტოსის“ ბიუჯეტი 2 მილიონით შეივსება, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ ბრაზილიელი ვარსკვლავი მომავალი წლის „ოქროს ბურთის“ მოგების კანდიდატთა შორის იქნება. ამ შემთხვევაში, ტრანსფერის საბოლოო ფასი 71,9 მილიონ ევროს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ ტრანსფერის ფასის 45%-ის, ანუ 32 მილიონი ევროს სახით თავის წილს კომპანია Sonda-ც მიიღებს, რომელიც ნეიმარის კონტრაქტის ერთ-ერთი მფლობელი იყო. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნულმა კომპანიამ „ბარსელონასგან“ 7 მილიონი ევრო უკვე მიიღო, კატალონიელებს 25 მილიონის გამოყოფა მოუწევთ.
იმ შემთხვევაში, თუ „ბარსელონას“ ოპოზიციური მოძრაობის ლიდერი ხორდი კასესი კლუბის ამჟამინდელი პრეზიდენტის სანდრო როსელის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს მოიგებს, „ბლაუგრანასს“ ჯარიმის სახით 45 მილიონი ევროს გადახდაც მოუწევს.
კასესის თქმით, როსელი საგადასახადო კომპანიისთვის თანხის გადახდის თავიდან აცილებას ცდილობდა, რასთანაც ნეიმარის ტრანსფერიც არის კავშირში.
აქედან გამომდინარე, ბრაზილიელის ტრანსფერი „ბარსელონას“ შეიძლება ჯამში 141,8 მილიონი ევრო დაუჯდეს.
ალექსანდრე მატევოსოვი