ნეიმარმა „ბარსელონა“ მადრიდს დააშორა
ესპანეთის პრიმერადივიზიონის XVI ტურში „ბარსელონამ“ „ვილიარეალი“ მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა. კატალონიელთა რიგებიდან დუბლი გაიფორმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ნეიმარმა. სტუმართაგან თავი გამოიჩინა მცველმა მატეო მუსაკიომ.
ნეიმარმა პირველი გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმის შედეგად გაიტანა. პენალტის დანიშვნის მიზეზი მარიოს მიერ საკუთარ საჯარიმო მოედანზე ხელით თამაში გახდა. მეორე ტაიმის დასაწყისში მუსაკიომ კუთხურიდან ჩამოწოდების შემდეგ ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ნეიმარმა 68-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა და კატალონიურ გუნდს 3 ქულა მოუტანა.
ამ გამარჯვებით „ბარსელონამ“ 43 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიცია გაიმყარა. შეგახსენებთ, რომ ამავე ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად „ოსასუნასთან“ ფრედ, ანგარიშით 2:2 ითამაშა, რითაც მესამეადგილოსან „სამეფო კლუბსა“ და „ბარსელონას“ შორის სხვაობა 5 ქულამდე გაიზარდა. მეორე პოზიციაზე 40 ქულით მადრიდის „ატლეტიკო“ გახლავთ, რომელიც დღეს „ვალენსიას“ მიიღებს.
რაც შეეხება „ვილიარეალს“, „ყვითელი წყალქვეშა ნავი“ მე-5 პოზიციაზე დარჩა.
ესპანეთის პრიმერადივიზიონი
XVI ტური
„ბარსელონა“–„ვილიარეალი“ 2:1
გოლები: ნეიმარი 30′ (პენ), 68′ – მუსაკიო 48′.
გაფრთხილებები: ნეიმარი 85′ – ტრიხორესი 38′.
ბექა დოგრაშვილი