ნენად ბელიცა: “ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ”
ზაგრების “დინამოს” მთავარმა მწვრთნელმა, ნენად ბელიცამ “საბურთალოს” წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
“ვფიქრობ, გახსნილი თამაში იყო. პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, “საბურთალომ” სწრაფი ფეხბურთი შემოგვთავაზა. მეორე ნახევარში დავლაგდით, უკეთესები და უფრო აგრესიულები ვიყავით. გამარჯვება დავიმსახურეთ. ყველაფერი დასრულებული არ არის, ზაგრებში ბრძოლა მოგვიწევს.
თავისუფლად შეიძლებოდა სხვა ანგარიში დაფიქსირებულიყო. “საბურთალო” კარგი გუნდია. ახლა ვიცით, ვის ვეთამაშებით, ამას მომდევნო შეხვედრაში გავითვალისწინებთ.
ჩემი გუნდის თამაში პირველ ტაიმში კმაყოფილი არ ვარ. მეტოქე პირველ ნახევარში უკეთესი იყო. ჩვენ საკმარისად აგრესიულები არ ვყოფილვართ. “საბურთალო” ძალიან კარგად გვეთამაშებოდა. ჯამში, ჩემი გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვარ. შესვენებისას გასახდელში ვილაპარაკეთ და ვთქვით, რომ მეორე ტაიმში შანსები გვექნებოდა. რეალურად, გამარჯვება დავიმსახურეთ.
ქართველი ფეხბურთელები ძალიან სწრაფები და ტექნიკურები არიან. პირველ ტაიმში “საბურთალოს” თავისი თამაშის საშუალება მივეცით. მეტოქეს ბევრ სივრცეს ვუტოვებდით. მეტოქეს მაღალი დონის მოთამაშეები ყავს. სამწუხაროდ, პირველ ნახევარში მეტოქე პრესინგი ვერ დავუპირისპირეთ. ისეთ მოწინააღმდეგესთან, როგორიც “საბურთალოა”, ეს პრობლემებს ქმნის”, – განაცხადა ბელიცამ.
შეგახსენებთ, რომ “საბურთალო” – “დინამოს” განმეორებითი დაპირისპირება 30 ივლისს, ზაგრებში გაიმართება.