“ნეფთჩის” თავკაცი: “ზესტაფონი” “ჩიხურაზე” ძლიერია”
როგორც მოგეხსენებათ, უეფას ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე საჩხერის “ჩიხურა” ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდება. ეს აზერბაიჯანული გუნდი ქართველებისთვის კარგად ნაცნობია: ორი წლის წინათ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე “ნეფთჩისა” და “ზესტაფონის” გზები გადაიყარა. პირველი შეხვედრა ბაქოელებმა შინ ანგარიშით 3:0 მოიგეს, მეორე კი ფრედ, 2:2 დასრულდა.
საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის ივნისის თვეში “ჩიხურასა” და “ნეფთჩის” შორის ორი ამხანაგური მატჩი გაიმართა. პირველ შემთხვევაში სოსო ფრუიძის გუნდმა 3:2 იმარჯვა, მეორე მატჩი კი 1:1 დასრულდა.
“ნეფთჩის” თავკაცი ბეიუკაღა გაჯიევი თავს იმშვიდებს და azerisport-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ “ზესტაფონი” დღევანდელ “ჩიხურაზე” ძლიერია.
— რას იტყოდით “ჩიხურას” შესახებ?
— ამ გუნდთან საკონტროლო მატჩები ჩავატარეთ, თუმცა ამ შეხვედრებზე დაყრდნობით არაფრის თქმა არ შეიძლება. ჩვენთვის უფრო სასარგებლო იქნება “ბურსასპორის” წინააღმდეგ მათ მიერ ჩატარებული მატჩის ვიდეოჩანაწერის ხილვა. მეტოქეს პატივს ვცემთ.
— შესაძლოა თუ არა “ჩიხურას” შედარება “ზესტაფონთან”, რომელსაც თქვენი გუნდი შარშანწინ შეხვდა?
— რთული სათქმელია. მცირე ინფორმაცია მაქვს იმის შესახებ, თუ როგორ თამაშობს “ჩიხურა” ეროვნულ ჩემპიონატში. ვფიქრობ, რომ დასახელებული გუნდები თანაბარი ძალისანი არიან, “ზესტაფონ” უფრო ძლიერიც კია.