ნიდერლანდელები ვან გაალის მწვრთნელის პოსტზე დაბრუნებას გეგმავენ
ამსტერდამის “აიაქსის”, “ბარსელონასა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი, ლუი ვან გაალი, ნიდერლანდების მთავარი მწვრთნელის პოსტის ჩაბარების მთავარი კანდიდატი გახლავთ.
რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაცია უკვე დაუკავშირდა 69 წლის სპეციალისტს. ლუი ვან გაალი ამ დროისთვის პორტუგალიაში ისვენებს.
როგორც იცით, ევროპის 2020 წლის ჩემპიონატზე კარგი სტარტის მიუხედავად, ნიდერლანდები ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. ზემოხსენებულ ეტაპზე ევროპული ფეხბურთის გრანდი ჩეხეთთან დამარცხდა.
ლუი ვან გაალი ნიდერლანდების ნაკრებში ორჯერ მუშაობდა – თავდაპირველად “ნარინჯისფრები” 2000 წელს ჩაიბარა, თუმცა ნაკრები 2002 წლის მუნდიალზე ვერ გაიყვანა. ათი წლის შემდეგ კი კვლავ დაბრუნდა ნაკრებში და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა.