ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე გამოიჭირეს (ვიდეო)
ნიგერიის ნაკრების მწვრთნელი სალისუ იუსუფი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე გამოიჭირეს. ჟურნალისტების მიერ 2017 წლის სექტემბერში მომზადებულ ვიდეომასალაში ჩანს, თუ როგორ იღებს იუსუფი თანხას პირებისგან, რომლებიც მას აფრიკის ერთა თასზე ნიგერიის ნაკრების განაცხადში ორი ფეხბურთელის შეყვანას სთხოვენ.
სალისუ იუსუფი მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ ნაკრებში მოხვედრის გარანტია არავისთვის მიუცია და არც თანხა მოუთხოვია, არამედ უცხო პირებმა თავად შესთავაზეს ფული. იუსუფის თქმით, მას მისცეს 750 და არა ათასი დოლარი, როგორც ვიდეოშია მითითებული. ის აცხადებს, რომ მიღებული თანხა არა ქრთამად, არამედ საჩუქრად ჩათვალა.
ზოგიერთი აგენტი ამბობს, რომ ნიგერიულ ფეხბურთში კორუფცია მძვინვარებს, რის გამოც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იკარგება. მაგალითად, საფეხბურთო აგენტი ფრანსის აბიოდუნი აცხადებს, რომ მისი ერთ-ერთი ფეხბურთელი ნიგერიის 20 წლამდე ნაკრების განაცხადში მხოლოდ იმის გამო არ შეიყვანეს, რომ მან მწვრთნელების მიერ წაყენებული ფინანსური მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილა.
Capital Sports Agency-ის აღმასრულებელი დირექტორი როტიმი მარტინსი ამბობს, რომ სალისუ იუსუფის მიერ ქრთამის აღების შესაძლო ფაქტი გასაკვირი არ არის, ხოლო ამბავი მხოლოდ იმიტომ გახმაურდა, რომ ვიღაცას გუნდიდან მისი ჩამოშორება სურს. მისი თქმით, აგენტები თავიანთი კლიენტების ნაკრებში მოსახვედრად ხშირად თავად სთავაზობენ მწვრთნელებს თანხას, ვინაიდან განაცხადში შეყვანის შემდეგ ფეხბურთელთა სატრანსფერო ღირებულება იზრდება და მათი უკეთ გაყიდვის შესაძლებლობა ჩნდება.
სალისუ იუსუფი ნიგერიაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს და მას ეროვნული გუნდი 2020 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის უნდა მოემზადებინა.
ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციას კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
Caught on camera is Super Eagles Chief Coach, Salisu Yusuf taking cash from reporters led by Ghanaian, Anas posing as football agents who wanted their players to be selected for CHAN 2018. – A simple explanation to why African Football is still where it is pic.twitter.com/xXa5CuF7uM
— BONA NAIJA (@BonaNaija) 24 July 2018