ნიკა ამაშუკელი – პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელი გახდება პირველი ქართველი რეფერი, რომელიც ევროპის უძლიერეს საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე იმსაჯებს.
17 იანვარს ტოპ 14-ის ერთ-ერთი ლიდერი, გურამ გოგიჩაშვილის და გია ხარაიშვილის ‘რასინგ 92’, ინგლისის პრემიერშიფის ერთ-ერთ ლიდერ ‘ჰარლიქუინსს’ პარიზში მასპინძლობს და სწორედ ამ მატჩში ექნება დებიუტი 26 წლის რეფერის.
„ჩემპიონთა თასი – ეს მართლაც რომ ჩემპიონების ჯახია. უფრო მაღალი დონის საკლუბო ტურნირი არ არსებობს და ძალიან გახარებული ვარ, რომ ასეთი ნდობა გამომიცხადეს. ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება ნებისმიერ დონეზე განსაკუთრებულია და ზუსტად ვიცი, ურთულესი სამსაჯო თამაში მელოდება“ – ამბობს ამაშუკელი, რომელიც თამაშისთვის უკვე ემზადება და ზუსტად იცის, რომ ჩემპიონთა თასზე სხვა გამოწვევებიც ელოდება:
„პასუხისმგებლობა ძალიან დიდია და მზადება წამითაც არ შემიწყვეტია. ინტენსიური ვარჯიშები მქონდა პირველ იანვარსაც კი, რადგან სულ სხვა დონეზე მექნება დებიუტი და განსაკუთრებული მომზადება მჭირდება. ფრანგული და ინგლისური მედია, შეცდომის დაშვების შემთხვევაში არ დამინდობს და ეს კარგია ჩემი ზრდისთის. თამაშს წამყვანი სპორტული არხები აშუქებენ და უშუალოდ სათამაშო ელემენტების გარდა, უამრავ რამეზე მომიწევს ყურადღების მიქცევა“.
დიდი ალბათობით, 17 იანვარს ამაშუკელი მოედანზე ერთადერთი ქართველი არ იქნება. ‘რასინგ 92’-ის შემადგენლობაში გურამ გოგიჩაშვილი და გია ხარაშვილი თამაშობენ. ზოგადად, ეს გუნდი ნიკასთვის ნაცნობია, რადგან 2018 წელს, თბილისის ზაფხულის თასზე უკვე იმსაჯა მისი შეხვედრა:
„ჩემპიონთა თასზე დანიშვნას ჯერ არ ველოდებოდი, რადგან ასეთ გარემოს შესაბამისი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება ჭირდება. ბედნიერი ვარ და ბავშვობის ოცნება ამიხდა, რადგან ყოველთვის მსურდა ნებისმიერი ფორმით გავსულიყავი მოედანზე, სადაც უმაღლესი დონის ვარსკვლავები იქნებიან. იმედი მაქვს, რომ მომიწევს ქართველ მორაგბეებთან შეხვედრა. ორივე გუნდში გამოცდილი, წამყვანი სარაგბო ნაკრებების წევრები თამაშობენ. ‘რასინგის’ ამხანაგური თამაში თბილისში ვიმსაჯე და მაშინ მორაგბეებთან ძალიან კარგი დამოკიდებულება ჩამომიყალიბდა, თუმცა ახლა სულ სხვა წნეხი იქნება“.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ამაშუკელს უკვე აქვს კიდევ ერთი მაღალი დონის დანიშვნა. მას ზედიზედ მესამე წელია 20-წლამდელთა ექვსი ერის მატჩებზე იწვევენ და 12 თებერვალს ტრადიციული სარაგბო ერების, უელსისა და შოტლანდიის ნაკრებებს მატჩს იმსაჯებს.
Rugby.ge