ნიკა კვეკვესკირი: “ხვალ დავამტკიცებთ, თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს”
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა ნიკა კვეკვესკირმა ყაზახეთის ნაკრებთან გასამართ მატჩამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა და გულშემატკივრებს დაპირდა, რომ ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში საქართველოს ნაკრები თავის ფეხბურთს აჩვენებს.
“ანდორასთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ძალიან ბევრი ვიფიქრეთ და ვისაუბრეთ ამ შედეგის განმაპირობებელ ფაქტორებზე. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს იყო ერთი კონკრეტული თამაში, რომელშიც ნაკრებმა თავისი თამაში ვერ აჩვენა.
ამას ჰქონდა თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები, რამაც ეს განაპირობა – ჩვენ ვთამაშობდით ხელოვნურ მოედანზე, გვყავდა ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი, როტაციის პრობლემაც ნათელი იყო. ეს სია შესაძლოა, უსასრულოდ გავაგრძელოთ.
გათვითცნობიერებული გვაქვს, თუ რას ელის გულშემატკივარი ჩვენგან და რა შეგვიძლია. ძალიან გვინდოდა, რომ ექვსივე მატჩი მოგვეგო ისე, რომ გოლიც არ გაგვეშვა, თუმცა ფეხბურთი სწორდ ამიტომ არის ასეთი საინტერესო, რომ ყველაფერს ვერ დაგეგმავ. ეს ჩვენთვის ახალი მოტივაცია იქნება. ხვალ დავამტკიცებთ, თუ რა შეუძლია საქართველოს ნაკრებს, ჩვენ თქვენთვის დღესასწაულს შევქმნით,” – აცხადებს ნიკა კვეკვესკირი.