ნიკა კვეკვესკირი შვეიცარიის წინ: “ჩვენი თამაში ვიპოვეთ”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის სადებიუტო მატჩისთვის უკვე სამი დღეა სრული დატვირთვით ემზადება. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, სავარჯიშო პროცესი კვლავ ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე მიმდინარეობს. ვატო არველაძემ, რომელიც საწვრთნელის პროცესი საწყის ეტაპზე ინდივიდუალურად ემზადებოდა, დღეს სრული დატვირთვით ივარჯიშა. დღევანდელი სავარჯიშო პროცესის ძირითადი ნაწილი ორმხრივ თამაშს დაეთმო.
საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე, შვეიცარიის ეროვნული გუნდი, თბილისში 21 მარტს, საღამოს, ჩარტერული რეისით ჩამოვა. ვლადიმირ ვაისის გუნდი დინამო არენაზე ხვალ ივარჯიშებს.
ნიკა კვეკვესკირი წლის პირველ მატჩთან დაკავშირებით:
„გულშემატკივრის მსგავსად, ჩვენც ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს. ერთა ლიგაზე მიღწეული დადებითი შედეგის და შემტევი, ლამაზი ფეხბურთის ჩვენების შემდეგ ფეხბურთელებს პირველ რიგში გვაინტერესებს ჩვენი რეალური შესაძლებლობები. ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და ამაზე უკეთეს გამოცდას ვერც წარმოვიდგენდით.
რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს, ჩვენი თამაში ვიპოვეთ და შესაბამისად, თავდაჯერება მოგვემატა. ამას, რა თქმა უნდა, ემატება მაყურებლის ფაქტორი. ქართველი გულშემატკივარი ჩვენთვის ყოველთვის დიდი ძალაა და მითუმეტეს ასეთ მატჩზე განსაკუთრებით გვჭირდება მათი დახმარება.
ყველა მოთამაშე მოტივირებულია და ელოდება შვეიცარიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას. რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ეტაპის კარგი თამაშითა და გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია.“