ნიკა ქორიძე – იტალიაში მოთამაშე ახალგაზრდა ქართველი
საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი იშვიათობაა, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს და ერთ-ერთი მათგანი 17 წლის ნიკა ქორიძეა, რომელიც იტალიური “რეჯიანა 1919”-ის ღირსებას იცავს. Fanebi.com მოთამშეს იტალიაში დაუკავშირდა და მცირე ინტერვიც ჩამოართვა.
– ფეხბურთის თამაში სად დაიწყე?
– წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. 6 წლის ასაკში თბილისში ჩამოვედი და “ირაოში” მივედი. ეს სპორტსკოლა დღეს აღარ არის, თუმცა მაშინ საკმაოდ პერსპექტიულად ითვლებოდა. ჩემი პირველი მწვრთნელი, რომელმაც თბილისში დარჩენაზე დამიყოლია, ზურა გაბატაშვილი იყო. ჩემი ნახვის შემდეგ მან ყველაფერი საკუთარ თავზე აიღო და თბილისში გადმომიყვანა საცხოვრებლად.
– იტალიაში როგორ მოხვდი?
– 4 წლის წინ შვედეთში გამართულ ერთ-ერთ ტურნირზე ნაკრებთან ერთად გავემგზავრე, სადაც ჩემით “იუვენტუსი” დაინტერესდა. თმცა, იმის გამო, რომ იქ უცხო ქვეყნის პატარა ასაკი ფეხბურთელის დამატება პრობლემატურია, გამიშვეს “რეჯიანაში”, სადაც სინჯების გავლის შემდეგ ჩემი დარჩენა გადაწყდა. სამწუხაროდ, საბუთების მოგვარებამ საკმაოდ დიდი დრო წაიღო და აქ მხოლოდ აგვისტოში შევძელი ჩამოსვლა.
– კლუბის შესახებ რისი თქმა შეგიძლია?
– მთავარი გუნდი ამჟამად სერია C-ში ასპარეზობს, თუმცა სერია B-ში დაწინაურების საკმაოდ კარგი შანსი აქვს. აკადემიაც ძალიან ძლიერია და თანამშრომლობს ისეთ კლუბებთან როგორებიცაა: “მილანი”, “ინტერი”, “იუვენტუსი”.
– უცხო გარემოასთან შეგუების პრობლემა ხომ არ გქონია?
– შეგუება არ გამჭირვებია. 4 წლის წინ სინჯების დროს რა ფეხბურთელებიც იყვნენ, ძირითადად ისევ ისინი დამხვდნენ. ენობრივი ბარიერიც არ მქონია, იმიტომ რომ ინგლისურად საუბრის პრობლემა არ მაქვს. ასე რომ, შეგუება რთული არ ყოფილა.
– სანაკრებო თემასაც შევეხოთ. 17-წლამდე ნაკრებში თამაშის გამოცდილება უკვე გაქვს…
– დიახ, ნაკრებში საკვალიფიკაციოც და ელიტრაუნდიც ვითამაშე. იყო დადებითი მომენტებიც, თუმცა მაყურებელი ჩვენი თამაშით კმაყოფილი არ ყოფილა. იმედი მაქვს, მომავალში უკეთეს შედეგები გვექნება.
– საყვარელი კლუბი და მოთამაშე თუ გყავს?
– საყვარელი კლუბი მადრიდის “რეალია”. რაც ფეხბურთის ყურება დავიწყე ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ. ფეხბურთელებიდან ზიდანს გამოვარჩევდი, თუმცა მოქმედი მოთამაეებიდან ინიესტას სტილი მომწონს. მესიზე და რონალდუზე კი უბრალოდ აღარაფერს ვამბობ…
– რომელია შენი საყვარელი პოზიცია მოედანზე და როგორი სტილის ფეხბურთს ანიჭებ უპირატესობას?
– სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთი მიყვარს. თამაში ნებისმიერ პოზიციაზე შემიძლია, თუ ეს გუნდს სჭირდება. თუმცა, ყველაზე მეტად გამთამაშებლად მიყვარს თამაში.
– შენს სამომავლო გეგმებზე რას გვეტყოდი?
– იანვარში კონტრაქტს ველოდები და ვნახოთ რა იქნება. რაც მთავარია ევროპაში ვარ და აქედან დიდ გუნდამდე უკვე ერთი ნაბიჯია. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.