ნიკა ცქიტიშვილის გამორჩეული შედეგი: 41 ქულა და 14 მოხსნა
ნიკა ცქიტიშვილის ზეშედეგიანი თამაში ლიბანის ჩემპიონატში. ქართველმა ფორვარდმა ბეირუთის „ჩემპვილში“ დიდებული დებიუტი მოიწყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა ქართველი ლეგიონერების ყველა დროის ერთ-ერთი უმაღლესი შედეგი დააფიქსირა, როცა „საგესთან“ 93:103 წაგებულ მატჩში 41 (!) ქულა მიითვალა.
ცქიტიშვილმა შეუცვლელად, 40 წუთი ითამაშა და არნახული შედეგიანობა გამოავლინა. 213 სანტიმეტრი სიმაღლის ქართველმა ფორვარდმა მეტოქეს 10-დან 9 ორქულიანი, 6-დან 4 სამიანი და 11-დან 11(!) საჯარიმო ჩაუგრო. 41 ქულასთან ერთად ცქიტიშვილმა ფარიც არავის დაუთო და ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი – 14 მოხსნა დააფიქსირა.
41 ქულასა და 14 მოხსნასთან ერთად ცქიტიშვილმა 1 პასი მიითვალა და ბურთი 3-ჯერ დაკარგა. ნიკამ 1 ჯარიმა მიიღო, მეტოქეები კი აიძულა, მასზე 8-ჯერ დაერღვიათ წესი. საბოლოოდ ქართველი ფორვარდის მარგი ქმედების კოეფიციენტმა 58 (!) შეადგინა და ძნელად წარმოსადგენია, ამ შედეგს არათუ ამ ტურში, მთლიან სეზონში ვინმემ გადასწონოს.
სამწუხარო მხოლოდ ისაა, რომ ქართველ ფორვარდს გარჯა ვერ დაუფასდა და მისა გუნდმა საბოლოოდ წააგო. გამარჯვებულ საგესელებს 32-32 ქულით დესმონდ პენიგარმა და ტერელ სტოგლინმა ულიდერეს.
ეს გახლდათ ლიბანის ჩემპიონატის პირველი ტური, მეორეში კი „ჩემპვილი“ კვლავ სტურად, ამჯერად „ალ რიადთან“, 12 დეკემბერს ითამაშებს.
gbf.ge