ნიკოლოზ ბასილაშვილის პირველი კომენტარი დოჰას ტურნირის ფინალში გასვლის შემდეგ
საქართველოს პირველმა ჩოგანმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის ნახევარფინალში ამერიკელი ტეილორ ფრიცის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. პანდემიის დროს რთული ეტაპი გავიარე, კარგად ვერ ვთამაშობდი. ფინალში გასვლა ყოველთვის სასიამოვნოა, მშვიდად ვარ და ველოდები ხვალინდელ შეხვედრას. დიდი ხანია გულშემატკივრების ყოლის საშუალება არ გვქონია და სასიამოვნოა, რომ ახლა აქ გარკვეული რაოდენობა მატჩებს ესწრება. ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის. იმედია, მალე დავუბრუნდებით ნორმალურ ვითარებას”, – განაცხადა ბასილაშვილმა.
ქართველი ჩოგბურთელი, ხვალ, ფინალში ესპანელ რობერტო ბაუტისტა აგუტს დაუპირისპირდება. ნიკოლოზმა კომენტარი მომავალ მეტოქეზეც გააკეთა.
“ის ძალიან კარგი ჩოგბურთელია, კარგად თამაშობს. ბაუტისტა აგუტს ეს ტურნირიც მოგებული აქვს. ორი წლის წინ მის წინააღმდეგ ვითამაშე. ის კარგი ჩოგბურთელია და ხვალ ძალიან საინტერესო შეხვედრა გველის”, – დაასრულა ბასილაშვილმა.