‘ნიუკასლ ფალკონსი’ აგვისტოში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს შეხვდება
ავტორი: მარკ დუგლასი
ნიუკასლ ფალკონსი აგვისტოში საქართველოს დაუპირისპირდება – მატჩში, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, დინ რიჩარდმა „უდიდესი გამოცდის“ სახელით შერაცხა.
თამაშის დღეც დადასტურდა – მატჩი 28 აგვისტოს, 15:45 საათზე (ადგილობრივი დროით), ნიუქასთლში ‘კინგსთონ პარკზე’ გაიმართება.
ეს მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის წინა-სამსოფლიო მოსამზადებელ ეტაპად განიხილება, ხოლო ფალკონსისთვის კი პირველობის წინა-სასეზონო სამზადისისას სასიცოცხლოდ მნიშვენლოვანი ტესტი იქნება.
2015 წლის მსოფლიო თასზე საქართველო “გ” ჯგუფში იასპარეზებს, რომელიც ნიუკასლის წინააღმდეგ გამართული მატჩიდან სამ კვირაში, 18 სექტემბერს დაიწყება. ბორჯღალოსნები მსოფლიო ჩემპიონი ახალი ზელანდიის, არგენტინის, ტონგასა და ნამიბიას მოწინააღმდეგეები იქნებიან, მათგან პირველი ორი კი რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედ ფინალში გადავა.
ნიუკასლის მთავარი მწვრთნელი დინ რიჩარდი აღნიშნავს: „ჩვენთვის დიდი პატივია კინგსთონ პარკზე ისეთ ამაყ სარაგბო ერს ვუმასპინძლოთ, როგორიც საქართველოა. ბორჯღალოსნები მსოფლიო რაგბისთვის ნამდვილად მზარდ ძალას წარმოადგენენ და მსოფლიო თასის წინ მათ რაზმთან შებრძოლება ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის გამოცდა იქნება. ქართველი მოთამაშეების უმრავლესობა ფრანგულ კლუბებში თამაშობენ, სადაც ყოველ კვირას უმაღლესი დონის თამაშისა და გამოცდილების დააგროვების საშუალება ეძლევათ.
„2015-2016 წლის სეზონის დამდეგს კი ჩვენთვის ეს უდიდესი გამოწვევაა. გუნდში გვყავს რამდენიმე ახალი მოთამაშე, რომლებსაც სურვილი აქვთ თავიანთი ნიშა დაიკავონ რაგბის სამყაროში. ჩვენი გულშემატკივრების მადის აღსაძრელად კი ეს მატჩი მსოფლიო თასის წინ კარგი საშუალებაა.“
საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი: „მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ბოლო ეტაპზე ნიუკასლის წინააღმდეგ მატჩის გამართვა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. მადლიერები ვართ იმისთვის, რომ ნიუკასლმა მათთან თამაშის შესაძლებლობა მოგვცა და დარწმუნებული ვარ, რომ რაგბის გულშემატკივრები კინგსთონ პარკზე გამართული შთამბეჭდავი მატჩით ნამდვილად კმაყოფილები დარჩებიან“.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის მსოფლიო თასამდე ბორჯღალოსნები კიდევ ორ წინა სატურნირო ტესტ მატჩს გამართავენ:
2 სექტემბერს ‘მოლზი როუდზე’ (სურეის საგრაფო) კანადის, ხოლო 5 სექტემბერს ‘ქინგჰოლმ სთედიუმზე’ (გლოსთერი) იაპონიის წინააღმდეგ.
Rugby.GE