“ნიუკასლი” გაიყიდა. კლუბი ყველაზე მდიდარი მფლობელის ხელშია
ინგლისური საფეხბურთო კლუბი “ნიუკასლ იუნაიტედი” საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა შეისყიდა. შესყიდვის ღირებულებამ 300 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.
“კაჭკაჭებს” 14 წლის განმავლობაში ინგლისელი მილიარდერი მაიკ ეშლი ედგა სათავეში.
თავდაპირველად პრემიერლიგამ ეშლისა და არაბებს შორის გაფორმებული გარიგების დადასტურებაზე უარი განაცხადა, თუმცა დროთა განმავლობაში პოტენციური მყიდველი არაერთ მნიშვნელოვან დათმობაზე წავიდა, მათ შორის ყატარის ტელეარხ beIN Sports-თან ურთიერთობის დათბობაზე.
საბოლოო ჯამში, გარიგება დადასტურდა, რის შემდეგაც საუდის არაბეთის საჯარო საინვესტიციო ფონდმა კლუბის აქციათა 80 პროცენტზე მიიღო კონტროლი. ათ პროცენტს ინგლისელი ბიზნესმენი ძმები დევიდ და საიმონ რუბენები განკარგავენ, დარჩენილი ათი პროცენტი კი ბრიტანელი ბიზნესმენის ამანდა სტეივლის მფლობელობაშია.
“ნიუკასლის” არაბი მფლობელის ქონება 320 მილიარდი ფუნტი სტერლინგით არის შეფასებული. “დეილი მეილის” ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბების მეპატრონეებს შორის ყველაზე მდიდარი სწორედ “ნიუკასლის” ახალი მფლობელია.