“ნიუკასლის” გულშემატკივრები პროტესტის მოსაწყობად მზად არიან
“ნიუკასლ იუნაიტედის” გულშემატკივრები, მზად არიან კლუბის მთავარი მწვრთნელის ალან პარდიუს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი პროტესტის მოსაწყობად. ფანები ინგლისელი არაპროფესიონალის(როგორც ისინი აცხადებენ) თანამდებობიდან წასვლას დაჟინებით მოითხოვენ.
შაბათს, “ნიუკასლი” პრემიერ ლიგის 5-ე ტურში “ჰალ სიტის” დაუპირისპირდება. 27 სექტემბერს თუ ნიუკასლელები “ვეფხვებთან” დამარცხდებიან, პარდიუ “სეინტ ჯეიმს პარკს” უთუოდ დატოვებს.
მომდევნო მატჩში გულშემატკივრები მოედანზე 200 ბანერის განთავსებასა და 15 000 А4 ფორმატის ფურცლის დარიგებას გეგმავენ.
The Telegraph-ის ცნობით “ნიუკასლის” ხელმძღვანელობამ ადგილობრივ პოლიციას გულშემატკივართა განზრახვის შესახებ უკვე აცნობა.
არ არის გამორიცხული, რომ ხელმძღვანელობა თავიანთ “სტიუარდებს” მოედნის გარეთ გულშემატკივრებისათვის ბანერების ჩამორთმევას დაავალებს. თუმცა აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ რაიმე საგნის ან მასალის სტადიონზე შემოტანას მაინც შეძლებენ. რა მასალაზეა საუბარი, ჯერ-ჯერობით უცნობია.