ნოემბრის ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია
ახალ წლამდე ახალი კარგი ამბავი ისაა, რომ 2016 წლის ნოემბრის ტესტების ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია. მსოფლიო თასზე ბორჯღალოსნების კარგმა თამაშმა და რაგბის კავშირის დაუღალავმა შრომამ პირველი დივიდენდი მოგვცა – 26 ნოემბერს გასვლაზე შოტლანდიას ვეთამაშებით.
ეს, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველო შოტლანდიას ეთამაშება. ნოემბრის ტესტ სერიის ბოლო მატჩში, ბორჯღალოსნები შოტლანდიის ეროვნულ ნაკრებს სავარაუდოდ სარაგბო სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ‘ბითი მარიფილდზე’ ერკინებიან.
შოტლანდიის რაგბის კავშირის აღმასრულებელი ოფიცრის, დომინიკ მაქეის განცხადებით: „გვიხარია, რომ ნოემბერში ძალიან საინტერესო მატჩები გველის – ავსტრალიისა და არგენტინის წინააღმდეგ, ხოლო სერიის ბოლო ისტორიულ მატჩში შოტლანდიაში საქართველო გვესტუმრება.
“საქართველომ 2015 წლის მსოფლიო თასზე არნახულად იასპარეზა, რითაც ათასობით ახალი ქომაგი შეიძინა. ტონგისა და ნამიბიის ძლევით საუკეთესო 12-ეულში შევიდა და 2019 წლის მსოფლიო თასზე ავტომატურად გავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ ისტორიულ ტესტზე საკადრისად ვუმასპინძლებთ.“
მეტი მატჩი პირველი დონის ქვეყნების წინააღმდეგ – ეს არის ქართული რაგბის შემდგომი განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა. 2013 წელს არგენტინისა და 2014-ში ირლანდიის შემდეგ, შოტლანდია რიგით მესამე პირველი დონის გუნდია, რომელსაც მსოფლიო თასის გარეთ ვხვდებით.
ჰეიგი ძველ მეგობარს ერკინება – „ეს ფანტასტიური შესაძლებლობაა საქართველოს ნაკრებისთვის ისეთ მეტოქეს ვეთამაშოთ, როგორიც შოტლანდიაა, განსაკუთრებით კი ისეთ საოცარ სტადიონზე როგორიც მარიფილდია! მადლობას ვუხდით შოტლანდიის რაგბის კავშირს 2016 წლის ნოემბრის ტესტებზე ჩვენი მასპინძლობისთვის, რადგან ასეთი მატჩები უპირატესად ხელს უწყობს ჩვენი რაგბის განვითარებას.
„გარდა ამისა, ეს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან მომიწევს ჩემი მეგობრის, ვერნ ქოთერის მეტოქეობა, ვისთან ერთადაც თავის დროზე სამწვრთნელო კარიერა დავიწყე.“
ამრიგად, სერიის ბოლო მეტოქე ცნობილია, ხოლო თუ ვინ და სად ეთამაშება ბორჯღალოსნებს 12 და 19 ნოემბერს უახლოეს მომავალში გაირკვევა.
Rugby.GE