ნოიერი: „კარებში დგომა არ მინდოდა“
სტაბილურობით გამორჩეული მეკარე, რომელმაც მსოფლიოს საფეხბურთო სამყაროს თავი „შალკეში“ კარგი თამაშით გააცნო, ახლა მიუნხენის „ბაიერნის“ ღირსებას იცავს. იმ გუნდის, რომლის შემადგენლობაში ყველა შესაძლო ტიტულის მოპოვება მოახერხა. ამჟამად, 27 წლის კარის დარაჯი გერმანიის ეროვნული ნაკრების პირველ მეკარედ ითვლება.
ფიფას ოფიციალურმა ვებ-გვერდმა მანუელ ნოიერს ინტერვიუ ჩამოართვა.
– გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ერთადერთი რგოლი, რომელშიც პრობლემა არ ყოფილა მეკარის პოზიციაა. რატომ არიან გერმანიაში ასეთი ძლიერი მეკარეები?
– გერმანიაში მეკარეებს ძალიან კარგად ავარჯიშებენ. ჩვენთან მხოლოდ ერთი კარგი მეკარის ყოლა საკმარისი არ არის. შესაძლოა, მოულოდნელად, ნომერ მეორე, მესამე ან მეოთხე მეკარემ შეგცვალოს. ვფიქრობ, ეს ჩვენი პლუსია და იმედი მაქვს, მომავალშიც ასე იქნება.
– რატომ მოისურვეთ მეკარეობა?
– სიმართლე გითხრათ, მეკარეობა არ მინდოდა. მსურდა, მინდვრის მოთამაშე ვყოფილიყავი. კარებში კი, ძალით ჩამაყენეს.
– ამის გამო, ხომ არ ბუზღუნებდით?
– პირველად, როცა კარებში ჩავდექი 4 წლის ვიყავი. მაშინ, მეკარეებს ბურთი ყველაზე ხშირად ხვდებოდა, ამიტომ კარებში ყოფნა არავის სურდა. თუმცა, ბოლოს კარებში დგომა მაინც მომეწონა.
– თქვენი აზრით, ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მეკარე?
– ძალიან რთული სათქმელია. ყველა ეპოქას ყავდა თავისი გამორჩეული მეკარე. ჩემს ბავშვობაში, საუკეთესოდ ედვინ ვან დერ სარი მიგვაჩნდა.
– თქვენი კარიერის განმავლობაში, რომელმა გაშვებულმა გოლმა გაგაღიზიანათ ყველაზე მეტად?
– ორი წლის წინ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში დროგბას თავით გატანილმა გოლმა ყველაზე მეტად გამაბრაზა. ეს რომ არ მომხდარიყო, 2012 წელს ჩემპიონთა ლიგას „ბაიერნი“ მოიგებდა.
– მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, გერმანიის ნაკრებს განის, პორტუგალიისა და ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებებთან მოუწევს დაპირისპირება. როგორ შეაფასებდით მეტოქეებს?
– რა თქმა უნდა, ვიცით, რომ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. თუმცა, ამავდროულად, ისიც ვიცით, რომ სამივე მეტოქის დამარცხება შეგვიძლია. ძლიერი მეტოქეები გვყავს, ამიტომ მაქსიმალურად ყურადღებით უნდა ვიყოთ.
– 2002 წელს, მეორე ადგილი. 2006 და 2010 წლებში კი – მესამე. ხომ არ მოვიდა დრო იმისა, რომ გერმანელებმა მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგონ?
– იმედი მაქვს, ასე მოხდება. ცხადია, ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტები ჩვენ ვართ. თუმცა, არსებობს რაღაც ცუდი დეტალები, რომლებიც ჩემპიონატის მიმდინარეობისას თავს იჩენენ.
– რას ელით მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატისგან?
– როდესაც რომელიმე ქვეყანაში ნამყოფი არ ხარ, იქ ყოველთვის დიდი მოლოდინით მიდიხარ. ვიცი, რომ ბრაზილია ფეხბურთით ცხოვრობს, იქ ეს სპორტის სახეობა სიგიჟემდე უყვართ. ვფიქრობ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი ჩემი კარიერის განმავლობაში, ერთ-ერთი საუკეთესო ეპიზოდი იქნება.
დიტო ჭიჭინაძე