“ნორვიჩმა” “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა! “ლივერპულამდე” სხვაობა ხუთი ქულაა (ვიდეო)
პრემიერ ლიგის მეხუთე ტურის მთავარი სენსაცია “ქეროუ როუდზე” დაფიქსირდა, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ჩემპიონატში ახლადაღზევებულმა “ნორვიჩმა” “მანჩესტერ სიტის” დამარცხება შეძლო.
მატჩი “მანჩესტერ სიტის” უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა “იადონებმა” ყველაფერი ზუსტად გათვალეს, რამაც ასეთი შედეგი განაპირობა. ანგარიში შეხვედრის მე-18 წუთზე კენი მაკლინის გოლით გაიხსნა, რასაც ათიოდე წუთში ტეემუ პუკის ბრწყინვალე პასით კენტველის მიერ გატანილი გოლი მოჰყვა.
გაშვებული ორი გოლის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” ზეწოლას უფროდაუფრო აძლიერებდა, რამაც შედეგი პირველი ტაიმის მიწურულს გამოიღო – გოლი სერხიო აგუერომ გაიტანა.
მეორე ტაიმში თავად ტეემუ პუკიმ შეძლო შეხვედრაში ორბურთიანი სხვაობის აღდგენა, რის შემდეგაც პეპ გვარდიოლამ თამაშში კევინ დე ბრუინი და გაბრიელ ჟეზუსი ჩართო. 88-ე წუთზე ტიმ კრულის კარში გოლი როდრიმ გაიტანა, რითიც “ქალაქელები” თამაშში დაბრუნდნენ. თუმცა, დიდი ზეწოლის მიუხედავად “ნორვიჩმა” ანგარიშის შენარჩუნება შეძლო – 3:2.
ასე რომ, პრემიერ ლიგის 5 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში “ლივერპული” უდგას 15 ქულით. “მანჩესტერ სიტი” კი ლიდერს 5 ქულით ჩამორჩება.