“ნუ მოვთხოვთ “ჩელსის” გაჩემპიონებას”
ლონდონის “ჩელსის” ყოფილი თავდამსხმელი ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი მიიჩნევს, რომ ლონდონური კლუბისთვის ჯერ ადრეა პრემიერლიგის ტიტულის მოგება.სეზონის არადამაჯერებელი სტარტის შემდეგ ფრენკ ლამპარდის გუნდმა შედეგები დაასტაბილურა და ბოლო ხუთი მატჩიდან ხუთივე გამარჯვებით დაასრულა, მათ შორის სამი შეხვედრა პრემიერლიგის ეგიდით გამართა. ახლა “ჩელსი” გათამაშების ლიდერებს მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა, ჰასელბაინკის აზრით, გუნდი მიმდინარე სეზონში პრემიერლიგას ვერ მოიგებს:
“წელს ნებისმიერ გუნდს აქვს ჩემპიონობის შანსი. “ლესტერ სიტისაც” შეუძლია გაჩემპიონება და დანარჩენ სხვა გუნდებსაც, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ფრენკ ლამპარდისგან არ უნდა გვქონდეს მოლოდინი და მასზე არც უნდა მოვახდინოთ ზეწოლა, რომ “ჩელსი” საჩემპიონო კვარცხლბეკზე აიყვანოს.
ტიტული “ლივერპულმა” ან “მანჩესტერ სიტიმ” უნდა მოიგოს. “ჩელსის” მხოლოდ მათ სიახლოვეს ყოფნა მართებს. თუ ლონდონელები ამას მოახერხებენ, მომდევნო სეზონში ვიტყვით, რომ ტიტული “ჩელსიმ” უნდა დაისაკუთროს. მხოლოდ ამის შემდეგ მოვთხოვთ ფრენკს გაჩემპიონებას, მაგრამ არა – ახლა.
მე ვფიქრობ, რომ წელს ტიტული ისევ “ლივერპულსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გათამაშდება. ვიცი, რომ მერსისაიდელებს ახლა გარკვეული პრობლემები აქვთ, მაგრამ მათ მომაკვდინებელი თავდასხმა ჰყავთ, “სიტი” კი ყოველთვის იქვე ახლოს იქნება”.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის “ჩელსიმ” ინგლისის პრემიერლიგის გასული სეზონი მეოთხე პოზიციაზე დაასრულა.