ნუკრი რევიშვილი: „ბათუმის „დინამოსთან“ ძალიან რთულ შეხვედრას ველით“
30 ოქტომბერს გორის „დილა“ დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/8 ფინალის საპასუხო მატჩს სტუმრად ქობულეთში გამართავს ბათუმის „დინამოსთან“. შეგახსენებთ, ამ გუნდების პირველ დაპირისპირებაში გორელებმა ირაკლი მოდებაძის გოლით იმარჯვეს.
რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრის შემდეგ, „დილამ“ ეროვნული ჩემპიონატის ბოლო კალენდარულ შეხვედრაში სტუმრად მოახერხა „ვიტ ჯორჯიას“ დამარცხება ანგარიშით 2:0 და საგრძნობლად გამოიკეთა ხასიათი.
სათასო დაპირისპირებას „დილა“ სრული მობილიზებით ხვდება. დღევანდელ თამაშთან დაკავშირებით, მცირე კომენტარი გააკეთა „დილასა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა ნუკრი რევიშვილმა:
„რაც შეეხება მომავალ თამაშს, ჩვენ პირველი მატჩი მინიმალური ანგარიშით გვაქვს მოგებული და წინ ძალიან რთულ შეხვედრას ველით. ბათუმის „დინამოს“ ჰყავს რამოდენიმე ისეთი ფეხბურთელი, რომლებსაც არაერთ წამყვან კლუბებში უთამაშიათ. გვაქვს რამოდენიმე საკადრო პრობლემა, მაგრამ გუნდში არის ის კონტიგენტი გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელებისა, რომლებსაც შესწევთ ძალა, ორი მატჩის ჯამში დავამთავროთ ჩვენს სასარგებლოდ. წინა შეხვედრაში გამარჯვებამ გუნდს დაუბრუნა ის რწმენა, რაც აქამდე გვქონდა. ვფიქრობთ თუ ერთი გოლის გატანა მოვახერხეთ, მოწინააღმდეგეს კიდევ უფრო დავუმძიმებთ ამოცანას და მომავალ ეტაპზე თამაშის საშუალებას შევძლებთ. ასე რომ, მოუთმენლად ველით მომავალი მატჩის დაწყებას.“
„დილას“ პრესსამსახური