ნუნუ სანტუმ “ვალენსია” დატოვა
პორტუგალიელი სპეციალისტი “ღამურებს” ტოვებს.
ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში, “სევილიას” წინააღმდეგ განცდილი მარცხის შემდეგ (0-1), ნუნუ ეშპირიტუ სანტუმ “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა გადაწყვიტა.
“მინდა, ყველა ფეხბურთელს კარგი მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო, ასევე კლუბის პრეზიდენტსა და გულშემატკივრებს. “ვალენსიას” თავკაცად ყოფნა ჩემთვის დიდი პატივი იყო”, – აცხადებს ნუნუ სანტუ.
არსებული ინფორმაციით, პორტუგალიელმა გადაწყვეტილება “სევილიასთან” მატჩის შემდეგ მიიღო. სავარაუდოდ, წასვლის მიზეზი ადგილობრივი ქომაგების მხრიდან მის მიმართ არსებული უარყოფითი დამოკიდებულება გახდა. როგორც იცით, წინა შეხვედრაში გულშემატკივრები ტრიბუნებზე სკანდირებდნენ: “ნუნუ, წადი!”
შეგახსენებთ, 41 წლის სპეციალისტი “ღამურებს” სათავეში 2014 წლიდან ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით, გასულ სეზონში გუნდმა ლა ლიგის ცხრილში მეოთხე ადგილი დაიკავა, შემდეგ კი უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიც წარმატებით გადალახა.
აღსანიშნავია, რომ “ვალენსია” პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურის შემდეგ მეცხრე ადგილს 19 ქულით იკავებს.