ნურმაგომედოვი: “ვვარჯიშობ, მაგრამ არ ვიცი, რისთვის ვემზადები”
UFC-ის ვარსკვლავმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა დაადასტურა, რომ ის ახლა რუსეთში იმყოფება და ვარჯიშს დაღესტანში აგრძელებს. მისი რუსეთში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ უდიდესი ალბათობით, ტონი ფერგიუსონთან შეხვედრა ისევ არ შედგება ან გადაიდება.
როგორც იცით, ხაბიბისა და ფერგიუსონის ჩხუბი 18 აპრილსაა ჩანიშნული. კორონავირუსის გამო, რუსეთისა და აშშ-ის საზღვრები ჩაკეტილია, ამიტომაც მებრძოლების ერთმანეთთან შეხვედრა ამ ეტაპზე თითქმის წარმოუდგენელია.
“ვვარჯიშობ, მაგრამ ისე, რომ არ ვიცი, როდის და სად ჩატარდება ჩხუბი. UFC-მ გვითხრა, რომ შეხვედრა ამერიკაში 100 პროცენტით არ ჩატარდებოდა და ის 99 პროცენტით ემირატებში, აბუ დაბიში გაიმართებოდა. მათთან საუბრის შემდეგ, გადავწყვიტეთ, რომ ემირატებში წავსულიყავით, მაგრამ როცა იქ ჩავფრინდით, გავიგეთ, რომ საზღვრები იკეტებოდა და ქვეყნის დატოვება არავის შეეძლებოდა.
ამის შემდეგ რუსეთში დავბრუნდით. ახლა დაღესტანში ვარ და ყოველდღიურად ვვარჯიშობ. თუმცა, არ ვიცი, რისთვის ვემზადები. როცა რუსეთში ჩამოვედი, გაირკვა, რომ საზღვრები დაიკეტებოდა. აშშ-იც მსგავსი სიტუაციაა, ევროპაშიც, ემირატებშიც და ყველგან… ახლა მთელი მსოფლიო კარანტინშია”, – თქვა ხაბიბმა ინსტაგრამში, პირდაპირ ეთერში ჩართვის დროს.
დაღესტნელი სპორტსმენის თქმით, UFC ყველაფერს აკეთებს, რომ ღონისძიება მაინც ჩატარდეს.
“ახლა გავიგე, რომ ისინი ღონისძიების ორგანიზებას ჩემთან ერთად ან ჩემ გარეშე ცდილობენ. კანონს ყველა უნდა დაემორჩილოს. ვიცი, რომ მებრძოლებს ოჯახის გამოსაკვებად და გასახადების დასაფარად თანხები სჭირდებათ… ისიც გავიგე, რომ ისინი ტონი ფერგიუსონისათვის სხვა მეტოქეს ეძებენ, რადგან ის შტატებში იმყოფება, მე კი რუსეთში ვარ, მაგრამ აქ ჩემი ნებით არ ვიმყოფები.
ახლა არ ვიცი, რა მოხდება. რთულია ვარჯიში და წონის კლება მაშინ, როცა მთელი მსოფლიო ჩაკეტილია და არ იცი, რისთვის ემზადები. თუმცა, პირველად არ ხდება, როცა ჩემ კარიერაში სირთულეს ვაწყდები”, – თქვა ნურმაგომედოვმა.