ობამეიანგი: “ბოდიშს გიხდით იმისთვის, რაც ამ თვეში მოხდა”
დორტმუნდის “ბორუსიადან” ლონდონის “არსენალში” გადასვლის შემდეგ, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გერმანელ გულშემატკივრებს მიმართა და ბოლო დროს შექმნილი გაუგებრობის გამო ბოდიშიც მოიხადა.
“პირველ რიგში მინდა ყველას ბოდიში მოგიხადოთ იმისთვის, რაც ამ თვეში მოხდა. კლუბის დატოვება გასულ ზაფხულსაც მინდოდა, ასე რომ, ეს ახლა უნდა მომხდარიყო.
შეიძლება, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო ჩემი მხრიდან, მაგრამ ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ობა გიჟი ბიჭია, დიახ, ძალიან გიჟური ვარ.
შეცდომები დავუშვი, მაგრამ ცუდს არასოდეს ვფიქრობ. არასოდეს დავივიწყებ დორტმუნდის “ბორუსიაში” გატარებულ დროს. სწორედ თქვენ მომეცით ძალა, ამ დონეზე ვყოფილიყავი. მადლობას ვუხდი “ბორუსიას” მთელ ოჯახს, ფანებს, კლუბს, სამწვრთნელო შტაბს და რა თქმა უნდა, თანაგუნდელებს. თქვენი Auba17″ – ვკითხულობთ გაბონელი ფეხბურთლის პოსტში.