ობლაკი: სასტარტოში ადგილი გარანტირებული არ მექნება
მოგეხსნებათ, მადრიდის „ატლეტიკომ“ „ჩელსიში“ დაბრუნებული ტიბო კურტუას შემცვლელად ლისაბონის „ბენფიკადან“ იან ობლაკი შეიძინა. სლოვენიელმა კიპერმა პირველი შთაბეჭდილებები ას-ის ჟურნალისტს გაუზიარა.
– იან, პირველ რიგში, გილოცავთ „ატლეტიკოში“ გადასვლას.
– დიდი მადლობა. ძალიან ბედნიერი ვარ იმ ფაქტით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში ჩავირიცხე. ერთი სული მაქვს, ახალ თანაგუნდელებს როდის გავიცნობ. კლუბის სამწვრთნელო შტაბის წევრებს სამომავლო გეგმებზე უკვე ვესაუბრე.
– კლუბმა ტიბო კურტუას შემცვლელად გადაგიბირათ.
– პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე მაქვს გააზრებული. ვეცდები, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენას. ამასთან, ვიმედოვნებ, რომ მე და „როხიბლანკოს“ სხვა კიპერები ბელგიელს სათანადოდ შევცვლით.
– ლა ლიგაში ასპარეზობის პერსპექტივა რამდენად გხიბლავთ?
– პრიმერა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია და შეიძლება ესპანურ კლუბში გადასვლა ჩემს ახალ გამოწვევადაც ჩავთვალო. მართალია, არც პორტუგალიის პირველობაა დაბალი დონის, თუმცა აქ სხვა საფეხბურთო განზომილებაა.. მხოლოდ ის რად ღირს, რომ ახალ თანაგუნდელებთან ერთად „ბარსელონასა“ და „რეალის“ დონის კლუბებთან მომიწევს არათუ დაპირისპირება, არამედ უშუალო კონკურენციის გაწევაც.
– სასტარტოში ადგილს, მგონი, მალევე დაიმკვიდრებთ.
– არ გეთანხმებით. კლუბში ჩემს გარდა კიდევ ორი უმაღლესი დონის მეკარე ირიცხება. კონკურენცია მძაფრი იქნება, ჩვენგან საუკეთესოს კი დიეგო სიმეონე ამოარჩევს. ჩემი უშუალო კონკურენტის, მიგენ ანხელ მოიას თამაში ნანახი მაქვს და შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ის პრიმერას ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია. ასე რომ, ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ნამდვილად არ მექნება.
– და ბოლოს, ყოფილ კლუბზე რას გვეტყვით?
– „ბენფიკას“ ღვაწლი ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში ფასდაუდებელია. „არწივებმა“ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში დაინახეს ჩემში პერსპექტივა, კონტრაქტი გამიფორმეს და ყველა პირობას მიქმნიდნენ იმისთვის, რომ მაღალი დონის ფეხბურთი მეთამაშა. მინდა ლისაბონური კლუბის ხელმძღვანელებს, გულშემატკივრებსა და ფეხბურთელებს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო.