ოფიციალურად: პირლო “ნიუ იორკ სიტიში” ითამაშებს
ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი ანდრეა პირლო კარიერას “ნიუ იორკ სიტიში” გააგრძელებს. ამ ინფორმაციას ორივე კლუბი ოფიციალურად ადასტურებს.
36 წლის იტალიელი ფეხბურთელი ამერიკულ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
“პირლოს მნიშვნელობის გამოხატვა უბრალო სტატისტიკით შეუძლებელია. ჩვენი კლუბისთვის დიდი პატივი იყო ოთხი წლის განმავლობაში პირლოსთან ერთად ერთი მიზნისკენ სიარული. “იუვენტუსი” მას ყოველივე საუკეთესოს უსურვებს. მადლობა ყველაფრისთვის, მაესტრო”, – ვკითხულობთ “იუვენტუსის” განცხადებაში.
ანდრეა პირლო “იუვენტუსში” 2011 წლიდან თამაშობდა. ამ ხნის განმავლობაში მან 164 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა (აქედან 15 საჯარიმო დარტყმით), 35 საგოლე გადაცემა გააკეთა და შვიდი ტიტული მოიგო.
პირლო “ნიუ იორკ სიტის” 21 ივლისს შეუერთდება. იტალიელი ფეხბურთელი ამერიკულ გუნდში ჩვეული 21-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.