ოლიმპი საქართველოს ჩემპიონია
20-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული დამსახურებულად გახდა გუნდი „ოლიმპი“. ლევან ქარაბაქისა და ირაკლი მაისურაძის გაწვრთნილმა გუნდმა რეგულარული ჩემპიონატიც და პლეი ოფიც ერთი ამოსუნთქვით გაიარა, ხოლო ფინალურ სერიაში „სოხუმს“ 2 მატჩის ჯამში სძლია და საჩემპიონო ტიტულიც დაისაკუთრა.
„სოხუმმა“ თამაში კარგად დაიწყო და საწყისი 16-17 წუთის განმავლობაში ლიდერობდა. სოხუმელთა უპირატესობამ მეორე მეოთხედში 10 ქულასაც გადააჭარბა და რომ არა ოლიმპელთა გამართული თამაში, დიდი შანსი იყო, სერიაში ანგარიში გათანაბრებულიყო.
პირველი მეოთხედის 19:31 წაგების შემდეგ ოლიმპელებმა თამაში დაალაგეს და ჯერ ჩამორჩნა გააბათილეს, მეორე პერიოდის მიწურულს წინაც გავიდნენ. შეუჩერებელი იყო არჩილ პულუზაშვილი, რომელიც ფარქვეშ ყოჩაღობდა, ხოლო კახა ტომარაძე სამწამიანშიც წარმატებით შედიოდა და სოხუმელებს ბურთებს პერიმეტრიდანაც უგდებდა.
მეორე პერიოდი ოლიმპელებმა 35:14 მოიგეს და დიდი შესვენებისთვის 9 ქულით დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში „სოხუმი“ გატყდა. როგორც გამოჩნდა, მთელი ძალა და ენერგია სოხუმელებმა პირველ ტაიმს შეალიეს და დარჩენილ დროში ფავორიტ „ოლიმპს“ წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.
საბოლოოდ „ოლიმპმა“ 107:85 მოიგო და ჩემპიონი გახდა. ტურნირზე დაწესებული იყო ტრაგიკულად დაღუპული რაჟიკო დარბაიძის თასი, რომელიც ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს, „ოლიმპის“ კაპიტან კახა ტომარაძეს გადაეცა. ტომარაძე თასით დარბაიძის დედამ, ქალბატონმა ლალი აბესაძემ დააჯილდოვა.
ოლიმპელთა კაპიტანმა საჩემპიონო მატჩი 34 ქულით დაასრულა, ხოლო არჩილ პულუზაშვილს 20 ქულა და 13 მოხსნა დაუგროვდა. 14 ქულა დაგროვდა დავით ლომიძის ანგარიშზე. „სოხუმში“ 19-19 ქულით ირაკლი ჯანხოთელი და კოტე ბიწაძე გამოირჩნენ. ამ უკანასკნელმა 10 მოხსნაც მიითვალა და ორმაგ დუბლს უწია.
მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე ჩემპიონი „ოლიმპი“ ვეტერანთა დახმარების ფონდის მიერ დაწესებული ილარიონ ხაზარაძისა და გურამ მინაშვილის სახელობის თასით წარსულში ცნობილმა კალათბურთელებმა – ანტონ კაზანჯიანმა და ვალერი ლომაძემ დააჯილდოვეს. ჩემპიონი გუნდის კაპიტან კახა ტომარაძეს კი საჩემპიონო თასი კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ალეკო პეტრიაშვილმა გადასცა. ფინალის მონაწილე ორივე გუნდს ფედერაციის მიერ დაწესებული შესაბამისი მედლები და სიგელები გადაეცათ.
ლევან ქარაბაქი (“ოლიმპის” მთავარი მწვრთნელი): წლევანდელი სეზონის ჩვენთვის ძალიან კარგი იყო, გამომდინარე იქედან, რომ სხვა გუნდებთან შედარებით უკეთესად გამოვიყურებოდით, ეს კი დაუღალავი ვარჯიშისა და შრომის შედეგი იყო. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, თავიდან მატჩი კარგად დავიწყეთ, შემდეგ კი მეტოქემ მოუმატა თამაშს. საბედნიეროდ მობილიზება მოვახდინეთ და ჩემპიონის ტიტული მოვიპოვეთ.
კახაბერ ტომარაძე (“ოლიმპის” კალათბურთელი, საუკეთესო მოთამაშე): პირველ ნახევარში გქვონდა გარკვეული ხარვეზები, თუმცა მაქსიმალურად შევეცადეთ და მესამე პერიოდში თამაშის ბედი გადავწყვიტეთ. რაც შეეხება საუკეთესო კალათბურთელის ტიტულს, ეს ჩემთვის დიდი პატივია და ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს, რომ არა ისინი, ამ საპატიო პრიზს ვერ მოვიპოვებდი.