ოლიმპიურ კომიტეტში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნების მიღება გაიმართა
2 აგვისტოს, ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა უნგრეთის ქალაქ დიორში ჩატარებული 2017 წლის ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მედალოსნების მიღება და ჯილდოების გადაცემის ცერემონია. ღონისძიებას დაესწრო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი და ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტთან ლერი ხაბელოვთან ერთად ახალგაზრდა სპორტსმენებს დიორში გამართულ ფესტივალზე წარმატებით ასპარეზობა მიულოცა. დიორში გამართული ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი სპორტის 10 სახეობაში ჩატარდა. საქართველო ფესტივალზე სპორტის 7 სახეობაში 33 სპორტსმენით წარსდგა. საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მოიპოვა ოქროს 4, ვერცხლის 1 და ბრინჯაოს 4 მედალი და საბოლოო ცხრილში მე-11 პოზიცია დაიკავა. აღსანიშნავია, რომ 9-დან 8 მედალი ჩვენი ძიუდოისტების ანგარიშზეა. 1 ბრინჯაო კი კანოეში გია გაბედავამ დაისაკუთრა. ახალგაზრდული ფესტივალის მედალოსნებს სამშენებლო კომპანია “სვეტის” წარმომადგენელმა ფულადი პრიზები გადასცა. ღონისძიებას აგრეთვე ესწრებოდნენ – საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის წევრები შოთა ხაბარელი და დავით ლორთქიფანიძე.
2015 წელს თბილისში ჩატარებულ ახალგაზრდულ ფესტივალში 137 ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა სპორტის 9 სახეობაში. მათ ჯამში ოქროს 4 და ბრინჯაოს 6 მედალი აიღეს და გუნდური მე-10 ადგილი დაიკავეს (9 მედალი, მათ შორის – ოთხივე ოქრო ჩვენს ძიდოისტებს ერგოთ, 1 ბრინჯაო – სპორტულ ტანმოვარჯიშეს).
ტარიელ ხეჩიკაშვილი:” ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ჩვენი სპორტსმენების, მომავალი თაობის წარატებით ასპარეზობა კიდევ ერთი დასტურია სამინისტროს, ოლიმპიური კომიტეტის და სპორტული ორგანიზაციების შეთანხმებული და კარგად დაგეგმილი მუშაობის. სასიხარულოა, რომ საქართველოს დელეგაციამ ასეთი შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა და მომავალი ტურნირების წინ განსაკუთრებული მოლოდინი გაგვიჩინა. ახალგაზრდულ ფესტივალზე მიღებული გამოცდილება აუცილებლად იქცევა წინაპირობად ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებით გამოსვლის. ეს გოგო-ბიჭები, ნიჭიერი და ჯანსაღი თაობა, რომელიც აქედანვე განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება საქართველოს დროშით ასპარეზობას, უახლოეს მომავალში არაერთხელ გვასახელებენ. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, დელეგაციის თითოეულ წევრს, ყველას ვინც ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაში ჩართული იყო და წარმატების მოსაპოვებლად ყველაფერი გაიღო. მადლობა მედალოსნებს და მადლობა იმ სპორტსმემებს, რომლებიც ამჯერად უმედლოდ დარჩნენ, მაგრამ წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს”.
უნგრეთი; დიორი; 24-29 ივლისი; ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
ძიუდო
გიორგი ჩიხელიძე (66 კგ) – ოქრო
მარიამ ჭანტურია (63 კგ) – ოქრო
მიხეილ ბექაური (90 კგ) – ოქრო
სოფიო სომხიშვილი (73 კგ) – ოქრო
ბექა წიფიანი (55კგ) – ვერცხლი
ვლადიმერ ახალკაცი (81 კგ) – ბრინჯაო
ლევან ჭელიძემ (+100 კგ) – ბრინჯაო
საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრები – ბრინჯაო
კანოე
გია გაბედავა – ბრინჯაო
სამინისტროს პრესსამსახური