ოლიმპმა მაქაბი ადვილად დაამარცხა, ქუთაისმა კი სეზონის მე-3 გამარჯვება მოიპოვა
დღეს საკალათბურთო აკადემიაში გამართული 20-წლამდელთა ჩემპიონატის 2 მატჩიდან ერთი საინტერესო და დაძაბული გამოდგა, მეორეში კი გამარჯვებულის ვინაობა თავიდანვე გაირკვა. გათამაშების ლიდერმა „ოლიმპმა“ 55 ქულის სხვაობით – 115:60 დაამარცხა „მაკაბი“, „მგზავრები-არმიასა“ და „ქუთაისის“ დაპირისპირება კი მოულოდნელი შედეგით დასრულდა.
ბოლო ადგილზე მყოფ ქუთაისელებს ამ შეხვედრამდე მხოლოდ 2 მატჩი ჰქონდათ მოგებული, „მგზავრები-არმია“ კი 6 მოგებით ცხრილის შუაში იყო განთავსებული და იმერულ კლუბთან ფავორიტადაც მიიჩნეოდა. ამ სტატუსს არმიელები წარმატებით ამართლებდნენ მესამე პერიოდამდე, რომლის დასაწყისში 13 ქულით – 46:33 იგებდნენ.
სწორედ მესამე პერიოდი გამოდგა გარდამტეხი, რომელშიც ქუთაისელებმა ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მასპინძლები. დემეტრე ნანობაშვილის, რატი ნუცუბიძის, ლადო ფურცხვანიძის და ირაკლი მაცაბერიძის შედეგიანი თამაშის წყალობით „ქუთაისმა“ პერიოდი 16 ქულით მოიგო, რითაც არმიელთა წინააღმდეგობა გატეხა.
ბოლო პერიოდში ქუთაისელებმა მოპოვებული უპირტაესობა შეინარჩუნეს და მიმდინარე სეზონში მე-3 გამარჯვებას მიაღწიეს. ქუთაისის გუნდში 19 ქულით ბომბარდირი ირაკლი მაცაბერიძე გახდა, ხოლო 18-18 ქულა რატი ნუცუბიძემ და ლადო ფურცხვანიძემ მიითვალეს. ამ უკანასკნელმა პირად ანგარიშზე 15 მოხსნაც ჩაიწერა.
მგზავრები-არმია – ქუთაისი 74:80
მეორე მატჩის შედეგიდან ყველაფერი ნათლად ჩანს. „მაკაბიმ“ ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწია ლიდერ „ოლიმპს“. ოლიმპელთა მწვრთნელმა სათამაშო დრო გუნდის ყველა წევრზე თითქმის თანაბრად გადაანაწილა. შვიდმა მათგანმა 10-ქულიან ზღვარს მიაღწია, თუმცა არც ერთი არ აცდენილა 17 ქულას. სწორედ ამდენი მოაგროვეს დავით ლომიძემ და არჩილ პულუზაშვილმა, შოთა ნარჩომაშვილმა კი მატჩის ერთადერთი ორმაგი დუბლი დააფიქსირა – 15 ქულა, 12 მოხსნა.
20-წლამდელთა ჩემპიონატის მომდევნო მატჩს 27 თებერვალს ქუთაისი უმასპინძლებს, სადაც სათამაშოდ ,,სოხუმი’’ ჩავა.
ოლიმპი – მაკაბი 115:60
u-20.ge