“ომონიას” “დინამო ბათუმთან” საქომაგოდ ასზე მეტი ფანი ჩამოჰყვება
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ვიცე-ჩემპიონი “დინამო ბათუმი” 17-წლიანი პაუზის შემდეგ ევროთასებს უბრუნდება. გუნდი უეფას ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კვიპროსის “ომონიას” დაუპირისპირდება, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი უჩა ლობჟანიძე იცავს.
“დინამო ბათუმს” ისტორიის მანძილზე ევროთასებზე 12 მატჩი აქვს ჩატარებული. აქედან ხუთი მატჩი ბათუმელთა გამარჯვებით დასრულდა, ამდენივე შეხვედრაში დამარცხდნენ, დანარჩენ ორ დაპირისპირებაში კი ფრედ ითამაშეს.
რაც შეეხება “ომონიას”, გუნდმა კვიპროსის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა, რაც ევროსარბიელზე თამაშის უფლებას არ იძლევა, თუმცა ქვეყნის თასის ფინალში ნიქოზიის “აპოელმა”, რომელიც ამავდროულად ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, ლიმასოლის “აელი” დაამარცხა (4:2) და ევროპის ლიგის საგზური ავტომატურად მეოთხეადგილოსან “ომონიას” ერგო.
“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩზე დასასწრები ბილეთების ფასი 4 და 5 ლარი იქნება. ბილეთების გაყიდვა ორშაბათს, 29 ივნისს დაიწყება.
“ომონია” ჩარტერული რეისით ქუთაისში, 30 ივნისს ჩამოფრინდება. მატჩისწინა ვარჯიში მათივე მოთხოვნით დახურული იქნება. წინასწარი ინფორმაციით, სტუმართა გუნდს საქომაგოდ მინიმუმ ასი ფანი ჩამოჰყვება.
“დინამო ბათუმსა” და “ომონიას” შორის პირველი შეხვედრა 2 ივლისს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ აჭარის ტელევიზიასა და კვიპროსულ მხარეს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები საპასუხო შეხვედრის პირდაპირი ტელეტრანსლაციის განხორციელების თაობაზეც. წყვილის განმეორებითი მატჩი 9 ივლისს, ნიქოზიაში შედგება.