ონილი: ამ შესარჩევ ციკლში ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო
ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მარტინ ონილმა საქართველოსთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“დაგეთანხმებით, ამ შესარჩევ ციკლში ეს ჩვენი ყველაზე ცუდი თამაში იყო. საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა. გოლის გატანის რამდენიმე რეალური შანსი გვქონდა, რომლებიც ვერ გამოვიყენეთ. როცა ბურთს ვიღებდით, მას მალევე ვკარგავდით. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ.
ჩვენი მიზანი გამარჯვება იყო, მაგრამ ვიცოდი, რომ მძიმე თამაში გველოდა. გუშინაც ვთქვი, რომ კარგი გუნდი გყავთ. საქართველოს ნაკრებმა უელსთან და სერბეთთან ბრწყინვალედ ითამაშა, მაგრამ არ გაუმართლა. მოგების შანსი გვქონდა, მაგრამ თამაშიდან გამომდინარე, ამას არ ვიმსახურებდით.
სერბეთთმა თავისი მატჩი მოიგო, სამშაბათს მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება. ბევრად უფრო კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე დღეს. რთული იქნება, მაგრამ ჩვენ ეს შეგვიძლია.
საქართველოს წინააღმდეგ ეს ჩემი მეოთხე მატჩი იყო. ყველა შეხვედრა, რომელიც ქართველებთან ჩავატარეთ, ძალიან რთული იყო.”