ოფიციალურად: დი მარია “პსჟ”-ში გადავიდა
“პარი სენ-ჟერმენმა” ოფიციალურად დაადასტურა ანხელ დი მარიას ტრანსფერი.
არგენტინელმა ფეხბურთელმა პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
“პარი სენ-ჟერმენი” ტრანსფერის ფინანსურ დეტალებს არ ასაჯაროებს, თუმცა, პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პარიზელებმა 63 მილიონი ევრო გაიღეს.
“სიამაყით ვატარებ “პარი სენ-ჟერმენის” მაისურს. ვეცდები, ყველა ტურნირზე გავიმარჯვო – საფრანგეთის მასშტაბით იქნება ეს თუ – ევროპის. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ პარიზში ჩემპიონთა ლიგის თასი ჩამოვიტანოთ”, – ციტირებს დი მარიას სიტყვებს ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი ფეხბურთელი მანამდე “მანჩესტერ იუნაიტედის” ღირსებას იცავდა, სადაც გასული წლის ზაფხულში მადრიდის “რეალიდან” გადავიდა. ანხელ დი მარიამ ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 27 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.