ოფიციალურად: დრაქსლერი “ვოლფსბურგის” ფეხბურთელია
ახალგაზრდა გერმანელი კვლავ ბუნდესლიგაში რჩება.
“შალკეს” ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, იულიან დრაქსლერმა “ვოლფსბურგის” ხელმძღვანელობასთან ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. პრესაზე დაყრდნობით, 21 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ გელზენკირჰენელებმა 36 მილიონი ევრო მიიღეს.
“გვქონდა ორი მიზეზი იმისა, რის გამოც “ვოლფსბურგის” შემოთავაზებას დავთანხმდით. ჩვენ ტრანსფერის ყველა დეტალს არ გავასაჯაროვებთ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაყიდვაა. გარდა ამისა, იულიანს სურვილი შევუსრულეთ, რომელსაც სამუშაო ადგილის შეცვლა სურდა”, – განაცხადა “შალკეს” სპორტულმა დირექტორმა.
“ვოლფსბურგის” შემადგენლობაში დრაქსლერი კევინ დე ბრუინს შეცვლის, რომელიც გუშინ “მანჩესტერ სიტიში” 75 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.