ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ვენის “რაპიდის” ფეხბურთელია
ქართველი თავდამსხმელი, გიორგი ქვილითაია ამიერიდან ვენის “რაპიდის” ღირსებას დაიცავს. ავსტრიელთა ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, რომ 22 წლის ფეხბურთელმა კლუბში სამედიცინო შემოწმება გაიარა. ქვილითაიამ “რაპიდთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“ქვილითაიას დიდი ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით. ჩვენ მატე იელიჩის შემცვლელი გვჭირდებოდა და მოხარულები ვართ, რომ გიორგისთან და თბილისის “დინამოსთან” შეთანხმებას მივაღწიეთ.
ქვილითაია ნამდვილი გოლეადორია, ის საკმაოდ მაღალია, რაც მას საჰაერო ორთაბრძოლების დროს დიდ უპირატესობას უქმნის. გიორგის ჩვენთან ადაპტაციისათვის დრო დასჭირდება. დარწმუნებული ვარ, მასთან ერთად წარმატებას მივაღწევთ”, – განაცხადა “რაპიდის” სპორტულმა დირექტორმა, ანდრეას მიულერმა.
ავსტრიულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რაპიდმა” თბილისის “დინამოს” ფეხბურთელში 1 მილიონი ევრო გადაუხადა.