ოფიციალურად: გიოტცე დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელია!
დორტმუნდის “ბორუსიას” ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია მარიო გიოტცეს ტრანსფერის შესახებ.
შეგახსენებთ, რომ გერმანელი ფეხბურთელი, რომელმაც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გადამწყვეტი გოლის გატანა მოახერხა, “ბაიერნში” სწორედ “ბორუსიადან” გადავიდა. ახლა კი, ის კვლავ დაუბრუნდება “სიგნალ-იდუნა პარკს”.
გიოტცეს დებიუტი დორტმუნდულ კლუბში 2008 წელს შედგა. მას შემდეგ, გერმანელმა 116 მატჩი ჩაატარა ამ კლუბის რიგებში და 31 გოლიც გაიტანა.
შემტევმა ნახევარმცველმა ბოდიში მოუხადა გულშემატკივართა იმ ნაწილს, რომელიც მის დაბრუნებას გულცივად შეხვდა: ” “ბორუსიადან” “ბაიერნში” ჩემი ნებით გადავედი, ამის დაფარვას არ ვაპირებ.
3 წლის შემდეგ, 24 წლის ასაკში, ამ გადაწყვეტილებას სხვაგვარად ვუყურებ. ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრმა ფანმა ვერ გამიგო.
როდესაც ჩემს სახლში დავბრუნდები, მინდა ჩემი ასპარეზობით ყველას გული მოვიგო – განსაკუთრებით მათი, ვინც გაშლილი ხელებით არ დამხვდება. ჩემი მიზანი საუკეთესო ფორმაში დაბრუნებაა.”