ოფიციალურად: იტალიური გუნდები ვარჯიშებს იწყებენ
4 მაისიდან იტალია კორონავირუსის პანდემიის საპასუხო ღონისძიებების შემსუბუქების მეორე ფაზაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელები ინდივიდუალურად ვარჯიშს 4 მაისს, ხოლო ჯგუფურად ვარჯიშს 18 მაისს დაიწყებენ. თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, სავარაუდოდ, მატჩები 2 ივნისიდან განახლდება.
იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 20 თებერვალს გამოვლინდა, კარანტინი კი 10 მარტს გამოცხადდა. დღევანდელი მონაცემებით, დაავადებულთა რაოდენობა 197 000 ადამიანს აჭარბებს, გარდაცვლილია 26 600-ზე მეტი. ბოლო 24 საათში ამ ვირუსით 260 ადამიანი დაიღუპა, რაც 14 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
“თქვენ ყველამ გამოავლინეთ სიძლიერე, სიმამაცე, პასუხისმგებლობა და ერთიანობა. ახლა ვირუსთან ერთად ცხოვრების ფაზაში შევდივართ. სოციალური დისტანციის დაცვა ახლა უფრო მეტად მნიშნველოვანია. მაშინაც კი, როცა ოჯახის წევრებს ვნახავთ, სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. თუ სოციალურ დისტანციას არ დავიცავთ, შემთხვევები და გარდაცვლილთა რაოდენობა მეტად გაიზრდება. თუ ეს ქვეყანა გიყვართ, დაიცავით დისტანცია”, – განაცხადა იტალიის პრემიერ მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
იტალიური კლუბების ფეხბურთელებს კორონავირუსზე ტესტი რეგულარულად ჩაუტარდებათ. ვარჯიშისას ყველა ადამიანმა სოციალური დისტანცია უნდა დაიცვას.
“ბევრი იტალიელის მსგავსად, ფეხბურთი მეც ძალიან მიყვარს. სპორტის მინისტრი ვიჩენცო სპადაფორა მომდევნო დღეების განმავლობაში ექსპერტებთან და მეცნიერებთან ერთად რეგულარულად იმუშავებს. ვარჯიშების განახლების შემდეგ, სიტუაციას შევაფასებთ და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა სეზონის ჩამთავრებას. ჩვენ სპორტი გვიყვარს და არ გვინდა სპორტსმენები დაავადდნენ”, – თქვა კონტემ.