ოფიციალურად: „იუვენტუსის“ თავკაცის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი იმუშავებს
ტურინის „იუვენტუსმა“ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მასიმილიანო ალეგრი იმუშავებს.
„ბიანკონერიმ“ უკვე წარადგინა იტალიელი სპეციალისტი თავკაცის რანგში.
„ჩემთვის დიდი პატივია „იუვენტუსის“ მწვრთნელად მუშაობა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდს გავწვრთნი. „იუვენტუსი“ ბოლო სამი წელიწადია, სკუდეტოს იგებს. ასე რომ, მე აქ ამ გზის გასაგრძელებლად მოვედი.
გამიმართლა, რომ ოთხი წლის განმავლობაში „მილანს“ ვთავკაცობდი, ახლა კი კიდევ ერთ დიდ გუნდში მუშაობის შესაძლებლობა მეძლევა“, – აღნიშნა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ მასიმილიანო ალეგრი უკანასკნელად „მილანში“ მუშაობდა. სწორედ მისი დანიშვნის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ანდრეა პირლომ ლომბარდიული კლუბი. ალეგრიმ „მილანში“ 2011 წელს სკუდეტო და ქვეყნის სუპერთასი მოიგო, თუმცა შემდგომ პერიოდში ყველა ფრონტზე მუდმივად ხელმოცარული რჩებოდა.
რაც შეეხება „იუვენტუსის“ ყოფილ თავკაც ანტონიო კონტეს, მას იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად განიხილავენ.