ოფიციალურად: კაბალიერო „მანჩესტერ სიტიში“ გადავიდა
„მანჩესტერ სიტიმ“ ესპანური „მალაგას“ მეკარე ვილი კაბალიერო დაიმატა.
32 წლის არგენტინელმა კიპერმა „ქალაქელებთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერმა 8 მილიონი ევრო შეადგინა. კაბალიეროს კარგად იცნობს „სიტის“ ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი მანუელ პელეგრინი, რომელიც მასთან ერთად „მალაგაში“ მუშაობდა.
„ახალ ჩემპიონატში გადასვლა ჩემთვის გამოწვევაა. ვცდილობ, რასაც ვაკეთებ, ლაზათიანად გავაკეთო. ვიცი, რომ „მანჩესტერ სიტი“ დიდი კლუბია, ჯო ჰარტის სახით ძალიან კარგი მეკარე ჰყავს, თუმცა ყველანაირად ვეცდები, რომ ძირითადი კიპერის ადგილისთვის კონკურენცია გავწიო“, – კაბალიეროს სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი აქვეყნებს.
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ სეზონში კაბალიერომ 38 მატჩი ჩაატარა და 46 გოლი გაუშვა.