ოფიციალურად: ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა
ვეტერანი ინგლისელი ნახევარმცველი ფრანკ ლამპარდი „ნიუ-იორკ სიტიში“ გადავიდა.
როგორც მოგეხსენებათ, ამ ახალი ამერიკული კლუბის ფორმირება სულ ახლახან დაიწყო და ლამპარდი გუნდის მეოთხე ფეხბურთელი გახლავთ. მანამდე „ნიუ-იორკ სიტიმ“ დავიდ ვილია, ჯებ ბოროვსკი და ჯოშ საუნდერსი დაიმატა.
ლამპარდმა კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სანამ ახალი ჩემპიოანტი დაიწყება, 36 წლის ინგლისელი ფეხბურთელი იჯარის წესით ავსტრალიურ „მელბურნში“ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ წინა 13 სეზონი ლამპარდმა ლონდონის „ჩელსიში“ გაატარა და 211 გატანილი გოლით გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა.
„ჩელსის“ რიგებში ლამპარდმა სამჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ დაეუფლა ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თასებს, ოთხჯერ დაისაკუთრა ინგლისის თასი, ორჯერ კი — ლიგის თასი. ფეხბურთელს ინგლისის ეროვნულ ნაკრებში 106 მატჩი აქვს ჩატარებული.