ოფიციალურად: ლევან ყენია პრაღის “სლავიაში” ითამაშებს
ქართველი ნახევარმცველი ლევან ყენია პრაღის “სლავიაში” ითამაშებს. ტრანსფერი ჩეხურმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით გაფორმდა.
“მოხარული ვარ. გუნდში კარგი ატმოსფეროა. მოუთმენლად ველოდები სადებიუტო მატჩს. სლავიაში კლუბის დასახმარებლად მოვედი. მინდა, რომ კლუბი ევროპაში დაბრუნდეს. ვიმედოვნებ, ნაკრებში შევძლებ დაბრუნებას”, – ციტირებს ყენიას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.
როგორც აღმოჩნდა, ლევან ყენიას ტრანსფერში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა დიუსელდორფის “ფორტუნას” ყოფილმა ფეხბურთელმა მარტინ ლატკამ, რომელიც ქართველი ნახევარმცველის მეგობარია. ლატკა წლების განმავლობაში იცავდა “სლავიას” ღირსებას და კლუბში სიტყვაც ეთქმის. 30 წლის ჩეხი მცველი კლუბს მიმდინარე წელს დაუბრუნდა.
“მარტინი და მე მეგობრები ვართ. ჩვენ ერთად ვთამაშობდით “ფორტუნაში”. ის დიდად დამეხმარა და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ “სლავიაში” აღმოვჩენილიყავი. როდესაც კლუბის მხრიდან დაინტერესების შესახებ შევიტყვე, ლატკას და კაროლ კისელს დავუკავშირდი, რის შემდეგაც ტრანსფერის განხორციელებას ხელს აღარაფერი უშლიდა. “სლავიას” საოცარი ქომაგები ჰყავს, რაც ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. კლუბისთვის თავს არ დავზოგავ”, – განაცხადა ლევან ყენიამ.
აღნიშნული ტრანსფერის შესახებ კომენტარი გააკეთა “სლავიას” სპორტულმა დირექტორმა კაროლ კისელმაც.
“მიხარია, რომ ლევანის გადმობირება შევძელით. იმედი მაქვს, ის საუკეთესო თვისებების წარმოჩენას შეძლებს და გულშემატკივრებს გაახარებს. მასთან კონტრაქტი 2015 წლის 30 ივნისამდე გავაფორმეთ, შემდგომი გახანგრძლივების შესაძლებლობით”, – აღნიშნა კისელმა.
ლევან ყენია “სლავიაში” 11-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.