ოფიციალურად: ლიხშტაინერი კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძელებს
გამოცდილი შვეიცარიელი მარჯვენა მცველი შტეფან ლიხშტაინერი კარიერას “აუგსბურგში” გააგრძელებს. ინფორმაციას 35 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ გერმანული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდიც ადასტურებს.
როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ლიხშტაინერიმა, რომელსაც 105 მატჩი აქვს ჩატარებული ნაკრების მაისურით, “აუგსბურგთან” ერთწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. გასულ წელს ლიხშტაინერი “არსენალის” ღირსებას იცავდა.
“ბედნიერნი ვართ გამცნოთ გამოცდილი შტეფან ლიხშტაინერის ტრანსფერის შესახებ. მას შვეიცარიაში, საფრანგეთში, იტალიასა და ინგლისში თამაშის ბრწყინვალე გამოცდილება გააჩნია, რაც ჩვენ გუნდს აუცილებლად დაეხმარება,” – ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში.
“აუგსბურგი” ბოლო წლების მანძილზე ცალსახად პროგრესირებადი გუნდია. ეს ნამდვილი გამოწვევაა ჩემთვის. ვგრძნობ, რომ გუნდის დახმარება შემიძლია და მოუთმენლად ველი ჩემი შესაძლებლობების გამოცდას. ბუნდესლიგის ატმოსფერო ისეთი რამ არის, რისი გამოცდაც ყოველთვის მსურდა,” – აცხადებს ლიხშტაინერი.