ოფიციალურად: ლიონელ მესი “ბარსელონაში” რჩება!
ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ ის მომდევნო ერთი წლის განმავლობაში “ბარსელონაში” დარჩება. არგენტინელმა ფეხბურთელმა Goal.Com-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლოდროინდელ ამბებთან დაკავშირებით ისაუბრა.
“კლუბს, პრეზიდენტს ვუთხარი, რომ წასვლა მინდოდა. მათ ამას მთელი წლის განმავლობაში ვეუბნებოდი. დარწმუნებული ვიყავი, რომ კლუბს უფრო მეტი ახალგაზრდა ფეხბურთელი და ახალი ადამიანები სჭირდებოდა. ვფიქრობდი, რომ ჩემი დრო დასრულდა. ძალიან ვწუხდი, რადგან მინდოდა, კარიერა აქ დამესრულებინა.
“ბაიერნთან” მარცხის შემდეგ პრეზიდენტს ვესაუბრე. ვუთხარი, რასაც სულ ვფიქრობდი. პრეზიდენტი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სეზონის ბოლოს შემეძლო მიმეღო გადაწყვეტილება და თუ მომინდებოდა, წავსულიყავი. მან საკუთარი პირობა არ შეასრულა. წასვლის უფლება არ მომცეს. კლუბში დავრჩები, რადგან არ მინდა ყველაფერი სასამართლოს გზით გადაწყდეს. ბართომეუს ხელმძღვანელობით, კლუბის მენეჯმენტმა “ბარსელონა” კატასტროფამდე მიიყვანა”, – განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელ სუპერვარსკვლავს “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2021 წელს ამოეწურება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდება.