ოფიციალურად: ლოპეტეგი გათავისუფლებულია
49 წლის სპეციალისტი “დრაკონებს” აღარ უთავკაცებს.
“პორტუს” ხელმძღვანელობამ ხულენ ლოპეტეგის გათავისუფლება მიმდინარე სეზონში ნაჩვენები ცუდი შედეგების გამო გადაწყვიტა. ორ იანვარს, მისი გუნდი გასვლაზე ლისაბონის “სპორტინგის” წინააღმდეგ, ანგარიშით 2-0, მტკივნეულად დამარცხდა და ლიდერობა დაკარგა. ნდობის ბოლო იმედი კი “რიო ავესთან” საკუთარ მოედანზე ნათამაშები ფრე (1-1) იყო.
გუშინდელ ვარჯიშს ლოპეტეგის აწ უკვე ყოფილი ასისტენტი რუი ბაროსი გაუძღვა, რომელიც უახლოეს მომავალში “პორტუს” დროებითი მწვრთნელი იქნება. ამავდროულად, ლოპეტეგი და კლუბის ხელმძღვანელობა ხელშეკრულების შეწყვეტის დეტალებზე რიგდებიან.
შეგახსენებთ, ლოპეტეგი “პორტუს” 2014 წელს ჩაუდგა სათავეში და ამ დროიდან მოყოლებული, მას არცერთი ტიტული მოუპოვებია. გასულ სეზოში მან გუნდი უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გაიყვანა.