ოფიციალურად: „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და ვან გალს შორის კონტრაქტი გაფორმდა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ოფიციალურად გამოაცხადა ლუი ვან გალთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ.
62 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ინგლისურ კლუბთან სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.
ვან გალი, რომლის თავკაცობითაც ჰოლანდიის ნაკრები ბრაზილიაში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობას მუნდიალის დასრულების შემდეგ შეუდგება.
ვან გალის თანაშემწეებად რაიან გიგზი, ფრანს ჰუკი და მარსელ ბუტი იმუშავებენ.
„ლუი ვან გალის სახით თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი გამოჩენილი მწვრთნელი მოვიყვანეთ. მან კარიერის განმავლობაში ბევრს მიაღწია. „ოლდ ტრაფორდზე“ მას მიეცემა შესაძლებლობა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში ახალი თავი დაწეროს“, – განაცხადა კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა.
ბექა დოგრაშვილი