ოფიციალურად: “მანჩესტერ სიტი” – “არსენალი” გადაიდო
დღეს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “მანჩესტერ სიტისა” და “არსენალს” შორის მატჩი უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის გავრცელების საშიშროების გამო ეს შეხვედრა გადაიდო.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც გაირკვა, რომ “არსენალის” წარმომადგენლებს კონტაქტი ჰქონდათ “ოლიმპიაკოსის” მფლობელ ევანგელოს მარინაკისთან, რომელსაც გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც იცით, ევროპის ლიგის გათამაშებაში “არსენალი” “ოლიმპიაკოსს” დაუპირისპირდა და ყველასათვის მოულოდნელად, დამარცხდა. 28 თებერვალს, ამ გუნდებს შორის ლონდონში გამართულ მატჩს მარინაკისიც ესწრებოდა, რომელიც “არსენალის” ფეხბურთელებსა და კლუბის წარმომადგენლებს შეხვდა.
“არსენალის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ კლუბის არცერთ წევრს კორონავირუსის სიპტომები არ აღენიშნება, მაგრამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა, რომ ფეხბურთელების ნაწილი და სტაფის წევრები თვითიზოლაციაში იყვნენ.