ოფიციალურად: მელო, ტელესი და ლიაიჩი – “ინტერის” ფეხბურთელები
იტალიელებმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დედლაინზე სამი მოთამაშე გაიფორმეს.
მას შემდეგ, რაც “ინტერის” ხელმძღვანელობამ ერნანესი “იუვენტუსში” გაუშვა, ისინი მაშინვე შეუდგნენ ახალი ფეხბურთელების დამატებაზე ფიქრს. მილანელთა ფინალურ სატრანსფერო კამპანიაში რაიმე სიურპრიზი არ ყოფილა. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ნავარაუდევი იყო.
სერბ ლიაიჩი “ჯუზეპე მეაცაზე” მომდევნო სეზონს იჯარის წესით გაატარებს. აგრეთვე, მხარეებს შორის მოლაპარაკებების დროს შეთანხმდა პუნქტი, რომლის თანახმადაც მომავალ ზაფხულს “ინტერს” ამ ფეხბურთელის გამოსყიდვა 11 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუძლია.
რაც შეეხება ფელიპე მელოს, ის დღეიდან “ნერაძურის” სრულფასოვანი წევრია. მისი სატრანსფერო ღირებულება არ გასაჯაროვებულა, თუმცა, თუ პრესას დავუჯერეთ, “გალათასარაიმ” ბრაზილიელის სანაცვლოდ 3.5 მილიონი ევრო მიიღო.
“ინტერს” კიდევ ერთი ახალწვეული ჰყავს. მათ შემადგენლობას “გალათასარაის” განაპირა მცველი ალექს ტელესი შეუერთდა, რომელიც რობერტო მანჩინის გუნდში მომდევნო სეზონში არენდის წესით იასპარეზებს.