ოფიციალურად: მოურინიო “რომას” უთავკაცებს
ფეხბურთის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟოზე მოურინიო 2021-2022 წლების სეზონიდან საფეხბურთო კლუბ “რომას” უთავკაცებს. ამ ინფორმაციას იტალიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. მხარეებს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
“რომას” მოქმედი თავკაცი პაულუ ფონსეკა გუნდს მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს. “რომას” ხელმძღვანელობა სერია A-ში ნაჩვენები შედეგით უკმაყოფილოა და ფონსეკასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს. გუნდს გათამაშების დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილი უკავია.
შეგახსენებთ, რომ ჟოზე მოურინიო 2019-2021 წლებში “ტოტენჰემ ჰოთსპურს” ედგა სათავეში. პორტუგალიელ სპეციალისტს იტალიაში მუშაობის გამოცდილება აქვს. ის 2008-დან 2010 წლამდე მილანის “ინტერს” თავკაცობდა და გუნდთან ერთად ორჯერ იტალიის ჩემპიონატი, თითო-თითოჯერ კი ქვეყნის თასი, სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო.