ოფიციალურად: რიად მაჰრეზი “მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელია
“მანჩესტერ სიტის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას “ლესტერის” ალჟირელი ნახევარმცველის, რიად მაჰრეზის, ტრანსფერის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, “ქალაქელებმა” “ლესტერ სიტის” გულის მოგება ოთხი უარყოფილი წინადადების შემდეგ შეძლეს.
ცნობილი ხდება ისიც, რომ 27 წლის ფეხბურთელმა, რომელმაც გასული სეზონის 41 მატჩში 13 გოლი გაიტანა, მანჩესტერულ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
“ძალიან ბედნიერი ვარ, ამ კლუბში თამაშის შანსი რომ მეძლევა. პეპ გვარდიოლას მეთაურობით “სიტი” ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობს, ისინი ინგლისური ფეხბურთის გარდაქმნას ცდილობენ და მინდა ამის ნაწილი გავხდე.
პეპ გვარდიოლა შემტევ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია. მჯერა, რომ როგორც ფეხბურთელი ძალიან განვვითარდები,” – აცხადებს რიად მაჰრეზი.