ოფიციალურად: საქართველო 2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფურ ეტაპს უმასპინძლებს
დღეს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში, ფიბა ევროპის შტაბ-ბინაში 2021 წლის ევრობასკეტის მასპინძელი ოთხი ქვეყანა დასახელდა. აღსანიშნავია, რომ მასპინძელთა შორის მოხვდა საქართველო, სადაც საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩები ჩატარდება.
ტურნირის მასპინძლობისათვის შვიდი ქვეყანა – საქართველო, ჩეხეთი, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, იტალია და სლოვენია იბრძოდა. მასპინძლობის უფლება საქართველოსთან ერთად, გერმანიამ, ჩეხეთმა და იტალიამ მოიპოვეს.
მიუნხენში გამართულ ღონისძიებას საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, კალათბურთელი თორნიკე შენგელია, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ.
2021 წლის ევრობასკეტი 17 აგვისტოს დაიწყება და 29 აგვისტოს დასრულდება.